პადესი კიდევ ერთი სოფელი იყო, რომლის ამოცნობაც გაჭირდა. თუმცა საველე კვლევის ერთ მომენტში მთების ფორმა ვიცანი. სოფლისკენ მიმავალი ძველი გზა, საიდანაც ძმებმა ფოტო გადაიღეს, აღარ არსებობს, ის ახლა ტყითაა დაფარული, ამიტომ მსგავსი კუთხის დასაჭერად კვლავ დრონის გამოყენება მომიწია. აი, როგორ აღწერენ უეისი და ტომპსონი ზუსტად ამ ადგილს: „პალიოსელისა და პადზას შორის ბილიკიდან საოცარი ხედი იშლება. ჩვენ უკან, ჩრდილოეთით, ზმოლკუს სამმაგი მასივია, პინდის უმაღლესი მწვერვალი; წინ, უშუალოდ ჩვენ ქვემოთ, აოოსი ადრიატიკისკენ მიიჩქარის. მიღმა, სამხრეთით, ზაგორია, რომელიც აქედან ჩრდილოეთ–სამხრეთის მიმართულებით მიმავალი პარალელური ბორცვების ქედებს ჰგავს. აღმოსავლეთით პინდის უფრო დაბალი მწვერვალები, ღუმარა, ვასილიცა და ოუ, აღმართულა, მათი ქვედა ფერდობები ხშირი ფიჭვნარითაა დაფარული. ზაგორის ხრეშიანი ბორცვებისა და პინდის ტყეების მკვეთრ კონტრასტს დასავლეთის საზღვარი ქმნის, პაპინგოს შიშველი და კლდოვანი ქედი, რომელიც ჩრდილოეთისკენ მაღლდება და კირქვის კლდეების უზარმაზარი კედლით მთავრდება.
პაპინგოსა და ზმოლკუს მდებარეობამ, აოოსის მიღმა ერთმანეთს რომ უმზერენ შუბლშეკრულნი, ვლახებს აქ ერთი ზღაპრის ლოკალიზება ათქმევინა, რომლის მრავალი ვერსია ბალკანეთში, განსაკუთრებით ვლახებში გვხვდება. ის, ალბათ, იმ ზღაპრებს ეკუთვნის, რომლებიც კონკრეტულ მხარეს უფროა დაკავშირებული, ვიდრე რომელიმე ხალხს. ვლახურ ფოლკლორში მთავარ როლს დემონად განსახიერებული მთა ასრულებს. ეს განსაკუთრებით ეხება ყველა მთას, რომლის მწვერვალთან პატარა ტბაა. სწორედ ამ ტბაში ცხოვრობს დემონი, ვლახურ ფოლკლორში კი ის თავდაპირველად მწყემსი იყო, რომელმაც სიყვარულში მარცხის შემდეგ თავი და თავისი ფარა დაახრჩო“.


პადესი · ზემოდან, დღეს



















