მოსკოპოლეს შესახებ უეისი და ტომპსონი წერენ: „მისი ვაჭრების ფილიალები ვენეციაში, ვენასა და ბუდაპეშტში იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ქალაქში ოდესღაც რვა ან ათი ათასი სახლი და დაახლოებით სამოცი ათასი მცხოვრები იყო.
მოსკოპოლეს ბევრი ეკლესია აქვს, რომელთა უმეტესობა ახლა მარტოდ დგას ქვებით მოფენილ სათიბებს შორის, სადაც ოდესღაც ხალხმრავალი სამრევლოები იყო. ბორცვების ფერდობზე, დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე ჩრდილოეთით, მოსკოპოლეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერია. მონასტრის ეკლესია 1632 წელს აშენდა, ქალაქის ეკლესიების უმეტესობა კი 1700–1760 წლებით თარიღდება. თუ ეკლესიების მშენებლობა კეთილდღეობის ნიშანია, მოსკოპოლე ყველაზე მეტად 1650–1750 წლებში აყვავდა. საბოლოოდ ალი-ფაშას სასტიკმა მმართველობამ ის სრულად გაანადგურა, მისი მცხოვრებლები კი მთელ ბალკანეთში გაიფანტნენ.
დღეს ეს პატარა სოფელია, სადაც ნაწილობრივ ალბანელები ცხოვრობენ, ნაწილობრივ კი ვლახები – ზოგი მათგანი ნამდვილი ადგილობრივია, ზოგიც ფარშეროტი. ალბათ დიდების დღეებშიც კი მოსახლეობაში ფარშეროტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თესალიელი ბერების, დანიელისა და გრიგოლის, „გეოგრაფიაში“ ნათქვამია, რომ მას დიდი სიმდიდრე, თორმეტი სახის ხელობა, ცნობილი სკოლა და სტამბა ჰქონდა და ევროპული ქალაქის ყველა სილამაზით იყო შემკული. სტამბას გრიგოლად წოდებული ბერი განაგებდა, რომელიც რელიგიურ წიგნებს ბეჭდავდა; მათგან ათია ცნობილი“.


ვოსკოპოია / მოსკოპოლე რუკაზე დღიურიდან: სამრეკლო და კოშკი


















