
ძმები მანაკების მიერ 1900 წლის ახლო ხანებში გადაღებული ვლახური სოფლების ფოტოებიდან ეს ყველაზე ადვილად მოსაძებნი იყო. ფოტოზე სამარინა შორიდან ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ფოტოზე გასაოცარი დეტალია: ფიჭვი, რომელიც სამარინის მთავარი ეკლესიის სახურავზე, საკურთხევლის თავზე იზრდება. თავისებურება ის არის, რომ ეს ფიჭვი გირჩას არასოდეს ისხამს, მისი ფესვები კი არსად ჩანს, არც გარედან, არც ეკლესიის შიგნიდან, რადგან სქელ სახურავს საკურთხევლამდე არ გაუხვრეტია. უეისსა და ტომპსონს თავიანთ წიგნში ამ ფიჭვის ფოტო აქვთ, ალბათ ძმები მანაკების გამოსახულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გადაღებული. უცნაურია, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ხე თითქმის არ გაზრდილა.

უეისისა და ტომპსონის მიერ შორიდან დანახული სამარინის აღწერა ძმები მანაკების კადრს ზუსტად ემთხვევა: „პადე მუშატე (ლამაზი მდელო) თავის სახელს იმსახურებს: ეს მთის ფერდობზე გაშლილი მშვენიერი ვაკეა, რომელსაც აქა-იქ ყინულივით ცივი ნაკადულები კვეთს; ის კარგი მწვანე ბალახითაა მოფენილი, გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში კი ყვავილებით, ფურისულებით, გენციანებითა და სხვა მთის ყვავილებით, ბრწყინავს. პირდაპირ ჩვენ წინ გორგულუა. გორგულუს მიღმა, ღრუბლებში ნახევრად დამალული, ზმოლკუს სამმაგი მასივია, საიდანაც მხოლოდ ორი მწვერვალი ჩანს, ზმოლკუ და მოაშა (დედაბერი). ჩვენ წინ, ღრმად ხეობაში, გორგულუს მწვერვალის ქვეშ, ორი ნაკადულის შესართავია. ზუსტად ამ შესართავის ზემოთ, გორგულუს ფიჭვნარის ქვემოთ, ფერდობზე თავად სამარინაა. ყველა თვალი უმალ სოფლისკენ მიიპყრო. ჩვენი ჭოგრიტები სასწრაფოდ ხელიდან ხელში გადადიოდა, ყველას სურდა ენახა ცნობილი ეკლესია, რომლის სახურავზეც ფიჭვი იზრდება“.



სამარინა · ზემოდან, დღეს



















