„პინდის სოფლებიდან თითქმის არცერთს არ აქვს ბაიასაზე უფრო ლამაზი მდებარეობა. მდინარე, რომელიც აქ უკვე საკმაოდ დიდი ნაკადია, ზაფხულშიც ძნელად გადასალახია, ზამთარში კი მძვინვარე ნიაღვრად იქცევა, სოფელს ორ ნაწილად ყოფს; ორივე ნაწილს ჩვეულებრივი თურქული ტიპის ხიდი აერთებს: მაღალი, ვიწრო თაღი დაბალი მოაჯირებით, რომ დატვირთულმა ჯორებმა იოლად გაიარონ. სოფლის სახლები, როგორც წესი, რამდენიმესართულიანია და თავდაცვისთვის გულდასმითაა აგებული, პირველ სართულზე თითქმის ან სულ უფანჯროდ. სოფლის ძირითადი ნაწილი მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზეა და მასთან მისასვლელი ერთადერთი გზა სწორედ ეს ხიდია. დასავლეთ ნაპირის პატარა უბანში, ხიდის თავთან, წმინდა ათანასეს ეკლესია დგას, რომელიც ხიდს იცავს. ეკლესია მთლიანად ქვისაა, მყარი გუმბათოვანი სახურავითა და სათოფურებით.
ყველა მცხოვრები ვლახია, მაგრამ კაცებმა ბერძნულიც იციან. აქ ბერძნული სკოლაცაა და რუმინულიც, თუმცა ეს უკანასკნელი 1905 წელს ბერძნულმა რაზმმა გაანადგურა და მას შემდეგ აღარ აღუდგენიათ. მთავარი ხელობა ხე-ტყით ვაჭრობაა: ბაიასას სხვა ნებისმიერ ვლახურ სოფელზე მეტი სახერხი აქვს. ვლახების სხვა ჩვეულებრივ ხელობებსაც, მეცხვარეობას, მატყლის დამუშავებასა და მეჯორეობას, მისდევენ, თუმცა არც ისე ფართოდ, რადგან მეჯორეთაგან ბევრი, ვინც ბაიასას ხე-ტყე იანინაში მიაქვს, სამარინიდანაა. ტრადიციული სამოსი, თავდაპირველად სამარინულის ძალიან მსგავსი, ახლა უმეტესად ევროპული სტილის ქურთუკებითა და შარვლებით შეიცვალა“.
ალან ჯ. ბ. უეისი და მორის ს. ტომპსონი, „ბალკანეთის მომთაბარეები“




















